Tuesday, October 8, 2013

დრო

ვდგავარ ერთ პატარა ქუჩაზე სადაც ცხოვრებას დიდი ხანია დასძინებია. ვდგავარ ჩემთვის, ჩუმად და აუღელვებლად, მაგრამ ოცნება არ მანებებს თავს და სულ კუდში დამყვება. ვდგავარ ჩემთვის და ვიყურები მეზობელი სახლებისკენ. გაიარა ერთმა, გაიარა მეორემ.ქუჩის ბოლოში მჯდარმა მათხოვარმაც კი აალაგა თავისი მცირედი ბარგი და ჩაუყვა მოწყენილ, მოჟამულ ქუჩას. ერთი კი ჩამიღიმა, მაგრამ რა გაიფიქრა ვერ მივხვდი, რადგან რაღაც ჩუმი წყენა ჩაჰყოლია გულში გამვლელებისაგან. ახლა სიომ ჩამიარა და ისიც კი უკმაყოფილო იყო ცხოვრებით. ბიჭბუჭებმა დიდი ხანია ჩაიარეს დაღმართი და მეც ველოდები მათგან მონაბერ ნიავს. იქნებ გაახსენდეთ, რომ მე აქ ვდგავარ და უკანასკნელად შემომხედონ, გამიღიმონ და ძველი წყენა დაივიწყონ. იმ ძველმა სიყვარულმაც კი ჩამიარა და სუნთქვა შეწყვიტაო თითქოს ჩვენი ნაცნობი მელოდია, რომ გაიგო. - გიყვარს?-მეკითხება სიო და პასუხი ვერ გამიცია. რამ გამაქვავა ისიც ვერ გავიგე. ბეთჰოვენის ჰანგებში ჩაძირულმა, უკანასკნელად შევხედე გაზაფხულის ჩამავალ მზეს და მასთან ერთად თითქოს გავუჩინარდი. გავიდა წამები სიბნელემ დაისადგურა და ქუჩაზე ლამპიონებიც აანთეს. ჩააქრე! ჩააქრე! - გაწუხებს? - მკითხა მეეზოვემ. - მაწუხებს? მე უფრო სხვა რამ მაწუხებს. - რა გაწუხებს? - ეგ, რომ ვიცოდე რა მაწუხებს ახლა ცოცხალი ვიქნებოდი. - განა ახლა არა ხარ ცოცხალი? - ეეჰ. გააწუხე რა საქმე, შენ ცხოვრების რა გესმის. - და ვის ესმის როო? - მეც მაგას არ ვჩივი. ჩაიარა ნაწყენმა მეეზოვემაც და თვალი ბრაზით ჩამაყოლა. დღეს რა ყველა ჩემზეა გაბრაზებული. ახლა ფოთოლიც აშრიალდა და მე წავიქეცი თითქოს პირველად ვიდექი ფეხზე. მოსაშველებლად ორი პატარა გოგონა მოვიდა და მორცხვად მკითხეს. - ბიძია მოგეხმარო? წამომაყენეს მორცხვმა გოგონებმა და მარტო დამტოვეს ქუჩაზე. ისე მირბოდნენ, თითქოს დედისთვის უნდა მოეთხროთ, რომ ერთი ბიძია სიკვდილს გადაარჩინეს. ქალაქის ქუჩებში ისევ მიდიან, მოდიან, აივლიან, ჩაივლიან, იღიმიან, იცინიან. ზოგჯერ იციან და ზოგჯერ არ იციან, რომ მე აქ ვდგავარ უკვე დიდი ხანია. მე აქ ვდგავარ და გავყურებ უკვე კარგად ნაცნობ ჰორიზონტს. რას ველოდები? დროს ველოდები, რომ ქარი დაუბერავს და მეც წავალ და დავწერ. რას დავწერ? რას დავწერ და რასაც აქ ვხედავ. ყველაფერს დავწერ. დავწერ, როგორ გამიბრაზდა სიო, ლამპიონი, მათხოვარი, მეეზოვე. ვინ წაიკითხავს? მე ხომ დავწერ და ვინც ამ გზაზე დადგება ყველა წაიკითხავს, რომ გზა გააგრძელოს და აქ აღარ გაჩერდეს. მე ვინა ვარ? შენ, როგორ გგონია ვინ ვარ? მე საუკუნე ვარ, მე ათასწლეული ვარ, მე ათი ათასწლეული ვარ. - მერე კიდე ცოცხალი ხარ? - შენ მკვდარი დრო გინახავს? - არაა. - ხოდა ვერც ნახავ. ჯერ მაგისთვის ძალიან პატარა ხარ. - მე მელოდები? - მე ყველა ადამიანს ველოდები ვინც ჩაივლის და ამოივლის და ყველა, რომ წავა მეც წავალ. - იციი მე შენ მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ ადამიანო. - რატომ ეშინიათ შენი? - იმიტომ, რომ ლაჩრები არიან. შენ გეშინია? - მე არა. მგონი გავგიჟდი, რომ ჩემს თავს ველაპარაკები. მაგრამ ეგ არაფერი. მე აქ ვდგავარ, თქვენ მანდ. ერთმანეთის არ გვესმის, მაგრამ ვგრძნობთ ყველაფერს. მე დრო ვარ. ეს ამვლელჩემვლელნი ადამიანები. მე თქვენ გხედავთ. თქვენ ვერა. მე თქვენ მიყვარხართ, თქვენ არა. რას ვიზამთ, ცხოვრებაა ასეთი.

No comments:

Post a Comment